English / ქართული / русский /
შოთა შაბურიშვილინათია ტერტერაშვილი
აგრობიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში

ანოტაცია. გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური განვითარება ყოვლისმომცვე¬ლი გახდა და შეცვალა ისეთი ტრადიციული სფერო როგორიც აგრობიზნესია. ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები აჩქარებს საქმიან კომუნიკაციებს, აძლიერებს მომხმარებლების გამოცდილებას, ხელს უწყობს სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებას და ახალი ბიზნესმოდელების შექმნას, რაც საბოლოო ანგარიშით ამაღლებს აგრობიზნესის ოპერაციულ ეფექტიანობას. ნაშრომში განხილულია ახალი ტექნოლოგიების ზემოქმედება აგრობიზნესზე, გამოკვეთილია აგრარული სექტორის ციფრულიფრული ტრანსფორმაციის ძირითადი შესაძლებლობები და გამოწვევები.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ტექნოლოგიები; ციფრული ტრანსფორმაცია; აგრობიზნესი; სოფლის მეურნეობა; ინოვაცია. 

შესავალი. გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური განვითარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მთელი მსოფლიო შეცვალა, ხელი შეუწყო საქმიანი კავშირების განვითარებას, სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებას და ერებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთოებების გაღრმავებას [Shaburishvili S… 2022: 162].  ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა, მათ შორის ინტერნეტმა, ერთი მხრიმ აამაღლა აგრობიზნესის მწარმოებლურობა და მეორე მხრივ, ბაზარზე გაჩინა ახალი ტიპის მომხმარებელი - ციფრული მომხმარებელი, რომლის მოთხოვნები განსხვავებულია სტანდარტული მომხმარებლისგან. Research&Markets-ის პროგნოზირებით, 2020-დან 2025 წლამდე,  გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის ბაზარი $469.8 მილიარდიდან - $1,009.8 მილიარდამდე გაიზრდება, წლიური ზრდის ტემპი 16.5% მიაღწევს ამ პერიოდში [Research and Markets... 2020].ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომით აგრობიზნესში ჩართული ფირმები და ფერმერები ტექნოლოგიურად მზად იქნებიან და შეძლებენ გააფართოონ თავიანთი ბაზარი.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და მომხმარებელთა  ქცევის შეცვლა ბევრ შესაძლებლობას ქმნის აგრობიზნესის მოდელებისა და დამატებული ღირებულებების ჯაჭვების  ტრანსფორმაციისთვის, თუმცა მკვლევრები ასევე მიუთითებენ ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული სარგებლიანობის გამოკვეთის სირთულეებზე, რასაც სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, მომხმარებელი აგრობიზნესის ძირითადი საბოლოო პროდუქტის (სურსათის) სარგებლიანობას მხოლოდ მისი საბაზო ფუნქციების შესრულების ასპექტით არ აღიქვამს. ხშირ შემთხვევაში ასევე გადამწყვეტია ის ტექნოლოგიური პროცესები და გზები, რომელიც ამ პროდუქტმა საბოლოო მომხმარებლამდე გაიარა [შაბურიშვილი შ. 2017: 83]. შესაბამისად, ნაშრომის მთავარი მიზანია აგრობიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის გლობალური ტენდენციების გამოკვეთა, ასევე იმ ძირითადიშესაძლებლობებისა და გამოწვევების ანალიზი, რაც საქართველოს აგრარულ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების აქტიურ დანერგვას ახლავს. 

* * *

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 9,1 მილიარდს მიაღწევს და ამ რაოდენობის ხალხის გამოსაკვებად სურსათის გლობალური წარმოება 70%-ით უნდა გაიზარდოს. მაგალითად, აფრიკისთვის, სადაც, სავარაუდოდ, იმ დროისთვის დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, სოფლის მეურნეობის მწარმოებლურობა გლობალურ საშუალოზე უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაიზარდოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი შიმშილი [Ndubuisi E. 2017].

მსოფლიოში პირველი მთლიანად მანქანით მოწეული კულტურა — ადამიანის შესვლის გარეშე მინდორში დათესილი და მოვლილი მოსავალი — 2017 წელს  მიიღეს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ციფრულ სოფლის მეურნეობაში, რომელიც ზოგჯერ ცნობილია, როგორც „ჭკვიანი მეურნეობა“ ან „ელექტრონული სოფლის მეურნეობა“ [OECD... 2018]. ციფრული სოფლის მეურნეობა გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიის ინტეგრირებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამატებული ღირებულების ჯაჭვში. აგრობიზნესის ციფრული ტექნოლოგიები მოიცავს სენსორების, ავტომატიზაციისა და რობოტების გამოყენებას საწარმოო სისტემებში [Banhazi T. … 2012: 7]. შიდა ვერტიკალური მეურნეობა, ავტომატიზაცია და რობოტიკა, მეცხოველეობის ტექნოლოგია, თანამედროვე სათბურის პრაქტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი არის ის ძირითადი ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც სოფლის მეურნეობის მწარმოებლურობის ზრდას უზრუნველყოფს [Chitrasena P. … 2022]. ფერმის აღჭურვილობა უკავშირდება პროგრამულ პლატფორმებს, რომლებიც აგროვებენ მონაცემებს და აკვირდებიან ნიადაგისა და კლიმატის თავისებურებებს კონკრეტულ ადგილას, რათა ფერმერებს მიაწოდონ ინფორმაცია თესლის შერჩევის, პესტიციდებისა და სასუქების უფრო სწორი გამოყენების შესახებ. დისტანციური ზონდირების მონაცემები ნიადაგის პირობების შესახებ, ფერმერებს ეხმარება მოსავლის მართვაში [Brown, M. … 2015]. მობილური ტელეფონები ამცირებს ინფორმაციის ღირებულებას და აუმჯობესებს ფერმერების წვდომას ბაზრებსა და ფინანსურ დახმარებაზე [Kaske D. … 2018]. გაციფრულება ხელს უწყობს  ფერმერებისა და მომხმარებლების დაახლოებას, რაც ზრდის აგრარული სექტორის მომხმარებელზე ორიენტაციის ხარისხს და ამცირებს არასაჭირო პროდუქტების წარმოებას. ახალ ბაზრებთან დაკავშირებით, კონტროლისა და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ასევე ხელს უწყობს აგრობიზნესის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას. გაციფრულებას ასევე შეუძლია დაეხმაროს მთავრობებს არსებული პოლიტიკისა და პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და უკეთესის შემუშავებაში. მაგალითად, თავისუფლად ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულება მკვეთრად ამცირებს მრავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ხარჯებს. ეს მთავრობებს საშუალებას მისცემს,  გადავიდნენ უფრო მიზანმიმართული პოლიტიკისკენ, რომელიც ფერმერებს უხდის (ან აჯარიმებს) გარემოსდაცვითი შედეგების მიხედვით. გარემოსდაცვით პოლიტიკასთან შესაბამისობის მონიტორინგის გაუმჯობესება, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება იძლევა სოფლის მეურნეობის ადმინისტრირების პროცესების ავტომატიზაციისა და გაფართოებული სამთავრობო სერვისების მიწოდების საშუალებას [OECD… 2018].

მცირდება აგრობიზნესის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ბარიერები, რადგან ღრუბლოვანი გამოთვლები, გამოთვლითი სისტემები, ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა ციფრული ინსტრუმენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითად, ფერმერებს, ინვესტორებს და მეწარმეებს შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგია აფრიკაში საკვების წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად [Ndubuisi E. 2017].

აგრობიზნესის წარმატებული მართვა საჭიროებს ზუსტ და მუდმივად განახლებულ ინფორმაციას, რომლის მოპოვება გარკვეულ გამოწვევებს უქმნის აგრობიზნესის მენეჯერებს. ადამიანის ტვინს შეუძლია გაუმკლავდეს  შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის დამუშავებას. ასევე შეზღუდულია ინფორმაციის მოპოვებისა და გადამუშავების შესაძლებლობები. საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემები საშუალებას აძლევს მენეჯერებს გადალახონ ამ დაბრკოლებების უდიდესი ნაწილი [Shaburishvili S. ... 2017: 97]. მათი დახმარებით შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება ნაკლები ძალისხმევით და მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივი ცოდნით. ინფორმაციის ინტერპრეტაცია შეიძლება  წამებში განხორციელდეს, ეს ყოველივე კი წარმოადგენს მძლავრ მექანიზმს მენეჯერებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ციფრული ტრანსფორმაციის გზით, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ ისარგებლონ უფრო გამარტივებული დამატებული ღირებულების ჯაჭვით, უფრო მჭიდრო თანამშრომლობით და გაუმჯობესებული კომუნიკაციით მწარმოებლებს, გადამა­მუშა­ვებლებს, დისტრიბუტორებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის. იმავდროულად, ვითარდება  ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც დარგს აძლიერებენ ახალი იდეებითა და პერსპექტივებით [European Commissions... 2023].

აგრობიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის განხილული უპირეტესობებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ეს პროცესი გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია კაცობრიობის შემდგომი პროგრესისათვის. განვითარებადი ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა დიდწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლია დაეხმაროს სიღარიბისა და შიმშილის უფრო სწრაფად დაძლევაში [Kremer M. … 2020].

ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით არსებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდანაც, რაც, ბუნებრივია, თავის ასახვას აგრა­რულ სექტორზეც პოვებს. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მხარ­დაჭერის ვალდებულება და ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის განვითარება ეროვნულ პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2014 წელს დამტკიცებულ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში — „საქართველო 2020“, იყო აღიარებული [საქართველოს მთავრობა… 2014]. ევროკავშირის ასოცირების განხორციელების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობების მხარდაჭერის, ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესებისა და ელექტრონული ვაჭრობის განვითარების კუთხით [ევროკავშირი საქართველოსთვის… 2020]. 2022 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო. საბჭოს ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იმუშავებენ, რათა მთლიანად მოხდეს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია, მათ შორის განვითარდეს ინტერნეტტექ­ნოლოგიების მიმართულებებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებასა და დამატებითი შემოსავლების მობილიზებას შეუწყობს ხელს [ბიზნესპარტნიორი… 2022].

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საქართველოს სოფლების გამოცოცხლებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია [საქართველოს ფერმერთა ასოციაცია… 2021]:

-       სოფლის მეურნეობაში არსებული ციფრული ტექნოლოგიების იდენტიფიცირება;

-       ფერმერების შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენა;

-       სერვისის მიმწოდებლების პროფილის ციფრულ რუკაზე განთავსება და მათი მონაცემთა ბაზის შექმნა;

-       ფერმერისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის ტრენინგის ჩატარება;

-       ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას საზოგადოებაში და ამით გამოწვეულ ცვლილებებს, ბუნებრივია, თან ახლავს გამოწვევები. სოფლის მეურნეობის სექტორი არ არის გამონაკლისი და მრავალი კითხვა ჩნდება იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ციფრულ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის მოლოდინების დაკმაყოფილება, რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს და რის დაუცველობაზე შეიძლება იყოს საუბარი [Veronique B. ... 2022: 23].

რეალური ციფრული ტრანსფორმაცია მდგომარეობს არა იმდენად ინოვაციურ ტექნოლოგიასა და სერვისებში, რომლებსაც ფერმერებს სთავაზობენ, არამედ ამ ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაში. საქართველოს სოფლის მეურნეობაში მოქმედი სუბიექტები, მართალია, სარგებლობენ ინდუსტრიული რევოლუცის შედეგად მიღებული მექანიზაციითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით, მაგრამ ეკონომიკის სხვა სფეროებისგან განსხვავებით მათ ჯერ არ მიუღიათ სარგებელი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით ინიცირებული ციფრული ტრანსფორმაციისგან. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები უკვე  გამოიყენება საქართველოს აგრარულ სექტორში: ინტერნეტში ხელმისაწვდომი ამინდის პროგნოზი, მოსავალის გაყიდვა ელექტრონული კომერციისა და სოციალური მედიის საშუალებით, კომპიუტერებით აღჭურვილი მექანიზაცია და საწყობები, პირუტყვის ჯანმრთელობის მონიტორინგი ელექტრონული ჩიპებისა და სკანირების გამოყენებით.

აგრობიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მრავალი უპირატესობის მიუხედავად, მას ასევე შეუძლია შექმნას ციფრული უფსკრული მათ შორის, ვისაც აქვს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა და ვისაც არ აქვს. იმისთვის, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ინკლუზიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, მნიშვნელოვანია მთავრობამ, დარგის ლიდერებმა და ტექნოლოგიების მიმწოდებლებმა ერთად იმუშაონ გაციფრულების უპირატესობების ხელშეწყობაზე და ფერმერებს დაეხმარნონ ტრენინგებით, რესურსებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირებით. სწორედ ასეთი მიდგომით შეძლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, მაქსიმალურად გამოიყენოს ციფრული ეპოქის მიღწევები, გააუმჯობესოს აგრობიზნესის ოპერაციული ეფექტიანობა და აამაღლოს რენტებელობა, ასევე შემსუბუქდება ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილება.

დასკვნა. ციფრული ტექნოლოგიების მომავალი სოფლის მეურნეობაში ბევრს გვპირდება. ტექნოლოგია მუდმივად იხვეწება ადამიანური პრობლემების უფრო მარტივად გადაჭრისთვის. სოფლის მეურნეობაში ინტერნეტტექნოლოგიების ათვისება იზრდება, რადგან აგრობიზნესის მენეჯერები სულ უფრო მეტად აღმოაჩენენ ამის საჭიროებას და ხედავენ მის ფასეულობას. ამ ტექნოლოგიურ მიღწევებს შეუძლია ხელი შეუწყოს უფრო გამჭვირვალე, პროდუქტიული, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემების ჩამოყალიბებას, რომელიც უკეთ დააკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს.

აგრობიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის უპირატესობების რეალიზაცია დაკავშირებულია როგორც უშუალოდ დარგის ლიდერებისა და მომსახურების მიმწოდებლების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, ასევე მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან. მთავრობა ფერმერებს უნდა დაეხმაროს რესურსებით, ტრენინგებით და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირებით. მათ ასევე უნდა განავითარონ ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმები და გააუმჯობესონ ინტერნეტზე წვდომა, რაც აგრობიზნესს საშუალებას მისცემს გააფართოოს ბაზრები. ქართული სინამდვილისთვის აუცილებელია დაიხვეწოს და განახლდეს საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენებისთვის, სასურველია მარკეტინგული კამპანიების ჩატარება ციფრული ინოვაციების შესახებ და სოფლის მეურნეობის სექტორისათვის შესაბამისი ციფრული პლატფორმების შეთავაზება. საჭიროა ციფრული უნარების,  ნიჭისა  და   სამეწარმეო  კულტურის მხარდაჭერა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ShaburishviliS., Terterashvili N.,2022, Impact of the COVID-19 pandemic on the digital transformation of business, Collection of materials ІІ International Scientific-Practical Conference "Using Information Technologies for Optimizing Processes of Production of Agricultural Products and Management of Enterprises", Dnipro, p. 161-165
  2. შაბურიშვილი შ., 2017, დამატებული ღირებულების გლობალური ჯაჭვის ფენომენი თანამედროვე საერთაშორისო ბიზნესში, ჟურნ., ეკონომიკა და ბიზნესი, N1, გვ. 70-84.
  3. Research and Markets, 2020, The World's Digital Transformation Industry 2020-2025: Trends, Opportunities and Competitive Landscape, Dublin, 2020. https://www.globenewswire.com/news-release/2020/08/14/2078517/0/en/The-World-s-Digital-Transformation-Industry-2020-2025-Trends-Opportunities-and-Competitive-Landscape.html#:~:text=The%20World%27s%20Digital%20T ransform ation%20In dustry% 202020%2D2025%3A%20Trends%2C%20Opportunities% 20and%20Competitive%20L andscape
  4. Ndubuisi E., 2017, How Digital Technology Is Changing Farming in Africa. https://hbr.org/2017/05/how-digital-technology-is-changing-farming-in-africa#:~:text=Entrepreneurship% 20%C2%A0%C2%A0%7C-, How%20D igital%20T echnology%20Is%20Changing%20Farming%20in%20Africa,-Subscribe
  5. OECD, 2018, Technology and digital in agriculture. https://www.oecd.org/agriculture/topics/technology-and-digital-agriculture
  6. Banhazi T.M., Lehr J.L., Black H., Crabtree P., Schofield M., 2012, Precision livestock farming: An international review of scientific and commercial aspects. International Journal of Agricultural and Biological Engineering, N5 (3),  p.1–9
  7. Chitrasena P., Devender M., Rabindra Kumar R., 2022, Role of Digital Technology in Agriculture“. https://www.researchgate.net/publication/360156670_Role_of_Digital_Technology_in_Agriculture
  8. Brown M.E., 2015, Satellite remote sensing in agriculture and food security assessment. Procedia Environ. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1878029615005551#:~:text=Satellite%20Remote%20Sensing%20in,%E2%98%86
  9. Kaske D., Mvena Z., Sife A., 2018, Mobile phone usage for accessing agricultural information in Southern Ethiopia. https://www.semanticscholar.org/ paper/Mobile-Phone-Usage-for-Accessing- Agricultural-in-Kaske-Mvena/df86f556bfe267 8bbaa42a9aac7fee4b02b1aaaa#:~:text=Mobile%20Phone% 20Usage%20for%20 Acce ssing %20 Agricultural%20Information%20in%20Southern%20Ethiopia
  10. Shaburishvili S., Chania M., 2017, Global Innovation Trends and Georgia, European Journal of Economics and Business Studies, May-Aug Vol. 8 Nr. 1. pp. 94-99.
  11. European Commissions, 2023 The Digitalization of the European Agricultural Sector, https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/digitalisation-agriculture
  12. Kremer M., Houngbo G. F., 2020, Grow back better? Here’s how digital agriculture could revolutioniserural communities affected by COVID-19. https://www.weforum.org/agenda/2020/07/digital-agriculture-technology/
  13. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე, სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)
  14. ევროკავშირი საქართველოსათვის, 2020  https://eufordigital.eu/geo/countries/georgia
  15. ბიზნესპარტნიორი, 2022. https://business-partner.ge/ekonomika/sakartveloshi-tsifruli-transformatsiis-sabcho-chamoqalibdeba?fbclid=IwAR0CVQLPaPoW7ulpHvuxLJYQ5mbI_rg-M_9MI4wtjrZags2k4YilTtx63GY
  16. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, 2021. https://gfa.org.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5% E1%83%90%E1%83%A0% E1%83%97%E1%83%95%E1%83%94% E1%83%9A%E1%83%9D% E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9D%E1% 83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B% E1%83 %94% E1%83%A3% E1%83%A0-2/?fbclid=IwAR2j1t DMMkf-_3DcHIClmBQ4KFWVXBmuaXxZ1ofT-0bSaRyU0_YlW0YDQ2Q
  17. Veronique B., Ludovic B., Frederick G., Nathalie M., Alexandre T., 2022, Agriculture and Digital Technology: Getting the most out of digital technology to contribute to the transition to sustainable agriculture and food systems. pp.1-185, ff10.17180/wmkb-ty56-enff. ffhal-03604970f.